უნივერსიტეტები
воскресенье, 5 апреля 2015 г.
ბოლონიის უნივერსიტეტი
ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალ. Università di Bologna, UNIBO) მსოფლიოში სიძველით მეორე უნივერსიტეტია ბოლონიაში, იტალია. 2000 წლიდან სახელი გადაერქვა და ეწოდება Alma mater studiorum (ლათ. სწავლის დედაბოძი) მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის ტიტულის პატივსაცემად. უნივერსიტეტმა ქარტია მიიღო ფრიდრიხ ბარბაროსასგან 1158 წელს, თუმცა მე-19 საუკუნეში ისტორიკოსთა კომიტეტმა ჯოსუე კარდუჩის მეთაურობით მიაკვლია უნივერსიტეტის დაბადების ნამდვილ თარიღს - 1088 წელს. დასავლეთის სამყაროში ყველაზე მხცოვანმა უნივერსიტეტმა 900 წლისთავი 1988 წელს იზეიმა. ბოლონიის უნივერსიტეტი ისტორიულად ცნობილია კანონიკური და საზოგადოებრივი სამართლის სწავლებით. გარკვეული მოსაზრებით ეს დაწესებულება მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტად მოიაზრება, ვინაიდან სიტყვა "უნივერსიტეტი" აქ ახსენეს პირველად მისი დაარსებისას.
კემბრიჯის უნივერსიტეტი
კემბრიჯის უნივერსიტეტი სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.
ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, ინგლისი, არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა 1209 წელს ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.
ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ ,როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.
კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევარები არ ყოფილან. (ჩიკაგოს უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა ნობელის პრემიის ლაურეატთა რიცხვით - 78 - თუმცა მხოლოდ 30 მათგანი იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი).
რანგით კემბრიჯი ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო დროს კი უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-3 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების (ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-4 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ორი რეიტინგ-ლისტი არსებობს).
კემბრიჯი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრია.
ოქსფორდის უნივერსიტეტი
ოქსფორდის უნივერსიტეტი (ინგლ. University of Oxford) მდებარეობს ოქსფორდში, ინგლისი, და ინგლისურენოვანი მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტია.
უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. ლეგენდის მიხედვით, 1209 წელს პროფესორ-მასწავლებელთა და ადგილობრივ მოქალაქეთა შორის კონფლიქტის შედეგად უნივერსიტეტის წევრთა ნაწილი ოქსფორდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კემბრიჯში გაიხიზნენ, სადაც მათ კემბრიჯის უნივერსიტეტი დააფუძნეს. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად ითვლებიან.
გარდიანის რეიტინგით ოქსფორდი ბოლო 4 წლის განმავლობაში ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება, ხოლო უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-4 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების ( ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაის ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-10 უნივერსიტეტია.
ოქსფორდი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრია.
პარიზის უნივერსიტეტი
პარიზის უნივერსიტეტი (ფრანგ. Université de Paris) უკეთ ცნობილი, როგორც სორბონი (ფრანგ. Sorbonne) — უნივერსიტეტი პარიზში, რომელიც მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში დაარსდა და ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. 1970 წელს რეორგანიზაციის შედეგად იგი დაიყო 13 ავტონომიურ უნივერსიტეტად (პარიზის უნივერსიტეტი I–XIII) თუმცა ფორმალური ერთიანობა შენარჩუნდა და ცამეტივე უნივერსიტეტს დღემდე საერთო რექტორი და მმართველი საბჭო ჰყავს. უნივერსიტეტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სორბონი, იგივე სახელწოდების კოლეგიატის (Collège de Sorbonne) მიხედვით, რომელიც 1253 წელს რობერ დე სორბონმა დააფუძნა. სორბონის ისტორიულ შენობაში იმყოფება მმართველი საბჭო და უნივერსიტეტის ოთხი შთამომავალი, მათ შორის სამი კი დასახელებაში შეიცავს ტერმინ სორბონს.
სორბონი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა.
სალამანკის უნივერსიტეტი
სალამანკის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de Salamanca) — უნივერსიტეტი ქალაქ სალამანკაში, მადრიდის ჩრდილო-დასავლეთით. იგი ესპანეთის სიძველით მეორე უნივერსიტეტია (პირველი იყო პალენსიის უნივერსიტეტი, ამჟამად აღარ არსებობს), და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი. დააარსა ალფონსო IX-მ 1218 წელს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)